სიახლეები
27 სექ. '18 | პროფესიული განათლება და სწავლება - გერმანული მოდელი

    2017 წლიდან აკადემია ჩართულია პროექტში „ჩვენ ვაშენებთ Vet-სახლს“,  რომელიც თავის მხრივ, “პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის“  ფარგლებში,  სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ხელისუფლების მხარდაჭერით ხორციელდება.

    აკადემია პროექტში ჩართო საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მხრიდან, კერძოდ აკადემიის ხარისხის მენეჯერი, მანანა მახარაშვილი მიწვეული იქნა პროექტში მოკლევადიანი ექსპერტის სტატუსით.

    პროექტის მიზანია, პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და სკოლის მოსწავლეებში, ბაზარზე არსებული კონკრეტული პროფესიების შესახებ ცნობიერების ამაღლება. ამ მიზნით შეიქმნა სპეციალური დიდაქტიკური სახელმძღვანელო, სადაც გაზიარებული იქნა გერმანული მხარის გამოცდილება. სახელმძღვანელოს თანაავტორია ქ-ნი მანანა მახარაშვილი.

     

    პროექტი ასევე ითვალისწინებდა მულტიპლიკატორების მომზადებასა და სერტიფიცირებას, რაც გულისხმობს გერმანული, დუალური სწავლების პრინციპებისა და მეთოდოლოგიის ათვისებასა და საწარმოში ინსტრუქტორების  სამუშაო და სწავლებისთვის აუცილებელი ფუნქცია-მოვალეობების, ცოდნა-უნარების გაცნობა-დაუფლებას.

    ამ მიზნით პროექტის ფარგლებში განხორციელდა რიგი აქტივობები. საქართველოში 2018 წლის იანვარში ჩატარდა გერმანელი ექსპერტების მიერ ტრენინგი-სემინარი დულაური სწავლების თავისებურებების შესახებ. სადაც მონაწილეობა მიიღო აკადემიის პერსონალმა: სწავლების მენეჯერმა ქ-მა ნ. საბანაძემ და ხარისხის მენეჯერმა მ. მხარაშვილმა.

    2018 წლის ივნისში, გადამზადდა საქართველოს პროფესიული კოლეჯებისა და ბიზნესის წარმომადგენლების ჯგუფი, ჩატარდა 2 კვირიანი სემინარი, რომელიც განხორციელდა გერმანიაში. მონაწილეები უშუალოდ გერმანული კომპანიების: მეკლენბურგ-ვორპრომენის ეკონომიკის საგანმანათლებლო, ლაიფციგის განათლებისა და ტექნოლოგიების (BTZ),  შპს როსტოკის განათლებისა და გადამზადების (AFZ ) ცენტრების, შტრალსუნდისა და როსტოკის გემთსაშენი კომპანიების მაგალითზე გაეცნენ დუალური სწავლების დაგეგმვისა და სწავლების თავისებურებებს. გერმანელი ექსპერტების მიერ ადგილზე ჩატარდა სემინარები და ვორქშოპები.

    2018 წლის 17-20 სექტემბერს, პროექტის ფარგლებში გადამზადებული მულტიპლიკატორებისთვის, თბილისში ჩატარდა სასერტიფიკატო გამოცდები  გერმანული მოდელით სწავლების ანუ ე.წ. დულური სწავლების მეთოდოლოგიაში. პროექტის მონაწილეებმა წარმატებით ჩააბარეს გამოცდები, რაც იმის დასტურია, რომ გერმანული მხარე მათ აღიარებს, სერტიფიცირებულ პროფესიონალ ინსტრუქტორებად.

     

     

     

     

© 2014-2015, Natali Academy